უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, რომელიც კანონპროექტის უკან გაწვევას ეხება, ოპოზიციის შეფასება მოჰყვა.
მათი თქმით, გადაწყვეტილება სწორია, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეული რისკების შემცველიც არის. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ უნდა გააგრძელონ მეთვალყურეობა მართველი პარტიაზე და "ხალხის ძალაზე", რომ პირობა უკან არ წაიღონ:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში, ის რაც თქვა "ქართულმა ოცნებამ" ხელმოწერით დაადასტურონ, რადგან მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა. რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს სხვადასხვა პარტიის წევრებს, მნიშვნელოვანი ამ ადამიანების გათავისუფლება,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ის მმართველ პარტიას არ ენდობა და მოდუნების დრო ახლა მაინც არ არის.
"მნიშვნელოვან წარმატებას ყველამ ერთად მივაღწიეთ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. არ შეიძლება ენდო რეჟიმს, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. მე ამ ხალხის მიმართ ნდობა მაქვს განულებული,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.