15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ბარიკადები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დაკავებები - როგორი იყო 11 საათიანი პროტესტი ღამის თბილისში

დამწვარი ავტომობილები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგებს ასახავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლების შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა რუსთაველის გამზირის ნარჩენებისგან გაწმენდა დაიწყო. ხანძრისგან განადგურებული მანქანები სპეცტექნიკით გაიტანეს.

პარლამენტთან ვითარება საღამოს 10 საათისთვის გამწვავდა. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის წინა მხრიდან უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლა. მომიტინგეები პარლამენტის ეზოში შესვლას ჯერ ჩიტაძის ქუჩიდან ცდილობდნენ. ამის შემდეგ სხვა შესასვლელისკენ დაიძრნენ და ძალის გამოყენებით რკინის ჯებირები დაანგრიეს.

მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობის მინები ჩაამსხვრია. დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი სწორედ ამ დროს გამოიყენეს. პარლამენტის უკან შეკრებილები სპეცრაზმელებს ბლაგვ და აალებად საგნებს ესროდნენ.

მოგვიანებით ჩიტაძის ქუჩიდან დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმი დაიძრა. ხმოვანი სიგნალის შემდეგ კი აქციის დაშლაც დაიწყო. სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის ჭურვები გამოიყენა.

პარლამენტის უკანა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. მომიტინგეებმა ქუჩა სკამებით, ურნებით და სხვადასხვა საგნებით ჩახერგეს. გზის გადაკეტვას სპეცრაზმელებთან და პოლიციელებთან მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე ე.წ "მოლოტოვის კოქტეილებსაც" ისროდნენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, თუმცა ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დრო და დრო უკიდურესად იძაბებოდა.

დემონსტრანტების ნაწილმა პროტესტი პოლიციის ავტომანქანების დაზიანებით, დამტვრევით და დაწვით გამოხატა.

დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილზე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, მომიტინგეები რუსთაველის მეტროსკენ დაიძრნენ, სადაც ისევ "მოლოტოვის კოქტეილებით" მივიდნენ და გზა ჩახერგეს. დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადები გააკეთეს. შეკრებილები სპეცრაზმმა კვლავ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

ამ შემთხვევაშიც წინააღმდეგობის გაწევა მომიტინგეების ნაწილის დაკავებით დასრულდა.

რუსთაველის გამზირის პარალელურად დემონსტრანტების ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა. ისინი სანაპიროზე მოძრავ ავტომანქანის მძღოლებს მოუწოდებდნენ აქციას შეერთებოდნენ.

რუსთაველის გამზირის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება უკვე გამთენიისას გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები