15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
აქციის პარალელურად გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ - რა განმარტებები გაკეთდა დღეს მათი მხრიდან

თბილისში საპროტესტო აქციის პარალელურად, გუშინ გავრცელდა ორი ფარული ჩანაწერი, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ. 

ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გედევან ფოფხაძე, რომელიც ჩანაწერში ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო უნდა დაიკავოს, დღეს ირწმუნება, რომ მხოლოდ თეორიულ დაშვებებზე საუბრობდა. ფრაზები კი, რომელიც ჩანაწერში ისმის, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.

გავრცელებულ ფარული ვიდეოჩანაწერში, გედევან ფოფხაძე და სერგი კაპანაძე დემონსტრაციის ფონზე, პარლამენტის შენობის აღებასა და მწვანე შუქის მიღებაზე საუბრობენ.

ფარულ ჩანაწერებსა და მისი ფიგურანტების განზრახვებს, "ღამი კურიერის" პირდაპირ ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა - დამატებითი განმარტება მან მოგვიანებით, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გააკეთა.

გედევან ფოფხაძე გუშინ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერშიც ფიგურირებს. ამჯერად ის გარკვეული ჯგუფის მიერ პარლამენტის შენობის აღების საჭიროებაზე აკია ბარბაქაძესთან მართავს დიალოგს, რომელმაც დისკუსიის შინაარსთან დაკავშირებით, დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა, "რუსთავი 2-თან" არ ისურვა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ჩანაწერების შინაარსის განხილვისგან თავს იკავებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებით, "ქართული ოცნება" სახალხო პროტესტის გაშავებას ცდილობს.

ჩანაწერები მმართველი პარტიისთვის ვიდეომტკიცებულებაა იმ ფაქტის გასამყარებლად, რომ გარკვეულ ძალებს მხოლოდ რადიკალური მიზნები ამოძრავებთ. "ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, კანონპროექტების უკან გამოწვევის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდება იყო.

ფარული ვიდეოჩანაწერები გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობის პარალელურად გავრცელდა.

დღის ამბები