15 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში ბოლო წლების ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, კანონი ვეღარ გახდება - ხელისუფლება დათმობაზე წავიდა 

წერილი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია. შალვა პაპუაშვილი კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მალორის სთხოვს, რომ პარლამენტის მიერ გუშინ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილოს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე წერილში განმარტავს, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეულია, რის მიზეზადაც პაპუაშვილი, ინიცირებული პროექტის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოსაზრებებსა და ესკალაციის საფრთხეებს ასახელებს.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია მმართველმა ძალამ დღეს დილიდანვე გაავრცელა. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ყველანაირი დათქმებისა და პირობის გარეშე, საფრთხეებისა და ესკალაციის არიდების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობდა. ოფიციალურ განცხადებას მალევე, ოფიციალური განმარტებაც მოჰყვა. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოქალაქეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობა და მათი ჯანმრთელობა ის მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც უმრავლესობამ კანონის გაწვევა გადაწყვიტა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას მალევე უპასუხეს იმ ოპოზიციაში, რომელიც კანონპროექტებს დაინიცირების დღიდან აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტებმა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" პოზიციას დადებითი შეფასება მისცეს, თქვეს ისიც, რომ  მმართველი პარტიის მხრიდან პირობის დარღვევის რისკები მაინც არსებობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღევანდელი გადაწყვეტილების ოფიციალურად, იურიდიულად გაფორმებაც მოითხოვა.

რისკები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს სპეკულაციურია მმართველი პარტიისთვის. მამუკა მდინარაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე კანონპროექტის უკან გაწვევის პროცედურები დეტალურადაც განმარტა. მამუკა მდინარაძის თქმით, მათი გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ის არ შეიცვლება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილებაში ცვლილებები აღარ შევა. 

"ხალხის ძალამ" საკანონმდებლო ორგანოში აგენტების შესახებ 2 კანონპროექტი დააინიცირა, ერთს პირველი მოსმენით 7 მარტს ეყარა კენჭი, რასაც საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღის ამბები