15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
"მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენს მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში" - ლევან ხაბეიშვილი

მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს, განსაკურნებით, ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, მმართველი პარტიის მიერ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევა იურიდიულადაც გაფორმდეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში ის, რაც თქვა რუსულმა პარტიამ, ხელმოწერით დაადასტუროს, რადგან მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი. რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის და გამოსულები იყვნენ ანტიპუტინისტურ, ანტირუსულ აქციაზე. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება და ახლა მე, როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე სასამართლო იმართება საქალაქო სასამართლოში. ცხადია, ვაპირებ მისვლას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, ეს არის ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება," – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა იწყება.

"რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს და რომ არა ამ ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია, ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ. ახლაც, მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიული ხელმოწერით გაფორმდეს, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავალი, ევროკავშირის სტატუსი. ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს ხალხმა – რუსული ოცნების, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენს მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში და მათი ნების აღმსრულებლები შეგვიძლია, ვიყოთ ჩვენ. მე ზუსტად ვიცი, ერთი, რა უნდათ პოლიტიკოსებს, რა ვიწროპარტიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რომელიმე პარტიას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ამ არჩევანისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ამიტომ ეს გამარჯვება რომ არის გაფორმებული, დილეგებში არ უნდა დავტოვოთ ჩვენი მეგობრები, არ არის სწორი და მართებული, რომ გამარჯვების პარალელურად დევნონ ჩვენი მეგობრები, ახალგაზრდები. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლება.

გთავაზობთ, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ, საინფორმაციო შეხვედრა გვქონდეს, მათ შორის, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის სოლიდარობის აქციისთვის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც იბრძოდნენ, აბსოლუტურად უკანონოდ არიან დაკავებულები," - ენმ-ს თავმჯდომარემ.

დღის ამბები