15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი ამ ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის გამოიყენოს-მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის - ახალგაზრდების გულწრფელი პოზიციონირება, გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა გამოყენებული იყოს ვიწრო პარტიული, მერკანტილური და ამ ქვეყნის საზიანო მიზნებისთვის - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის დიდი ხიფათი, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა.

"ამას სჭირდება დაზღვევა. მე არ ვიცი კონკრეტული ადამიანი რა მოტივაციით ჩამოდის ახლა, ამ ვითარებაში, რა მიზეზით დგას სადაც დგას, მაგრამ გარკვეული გარემოებები შეიძლება გვავალდებულებდეს, რომ ზედმიწევნით ფხიზლად ვიყოთ და შესაბამისად, არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს დრამატული სცენარების განვითარების შესაძლებლობა. ამ დრამატული სცენარების მიღმა შეიძლება იმალებოდეს ერთი რამ, მიზანი შეიძლება იყოს რევოლუციური სცენარის განვითარება. ყველას მოეთხოვება ეს სიფხიზლე, არა მხოლოდ სახელმწიფოზეა სიფხიზლის მოვალეობა, საზოგადოებაც ფხიზლად უნდა იყოს, რომ არც ერთ ავანტიურისტს არ მიეცეს შესაძლებლობა, რომ რაღაც ისეთი გაუკეთოს საზოგადოებას, რაც მართლაც საუკუნეობრივად შეიძლება დიდ რისკებს ბადებდეს,"-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

დღეს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

დღის ამბები