"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩასაგდებად, პარლამენტს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. სამშაბათს პირველი მოსმენით მიღებული პროექტი განხილვიდან 3 დღეში მოიხსნა. ის, რაც საჯაროდ ითქვა, დღეს სამართლებრივადაც გაფორმდა. ინიციირებული პროექტების განხილვას პარლამენტი აღარ მიუბრუნდება. გადაწყვეტილების მიღება სხდომაზე განხილვის გარეშე მოხდა. მიზეზები, როგორც კანონპროექტების ავტორებმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტეს.
ოპოზიციის ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ გამოსვლების შესაძლებლობა არ მიეცათ. მცირე ხნით ამის გამო დარბაზში ხმაურიც იყო.
კანონპროექტების ჩაგდება ოპოზიციამ სხდომათა დარბაზშივე აღნიშნა. საპარლამენტო ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და საერთო ოპოზიციური სიმბოლური ფოტოც გადაიღეს.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ პირველი შეფასება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. "ქართული ოცნების" ლიდერმა 3 საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, განხილვების დროს გამოიკვეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციის ნაწილი დღეს დერეფანშიც რეპლიკებით შეხვდა. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყნის ევროპულმა პერსპექტივამ გაიმარჯვა. ახლა კი ჯერი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის სრულფასოვნად შესრულებაზეა.
ოპონენტების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს, რომ პოზიციის ცვლილება სწორედ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიიღეს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს-76 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. გადაწყვეტილებას მასშტაბური აქციები და სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. გუშინ კი საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო და "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტი გაიწვია. სხდომას, რომელსაც დღეს 112 კანონმდებელი ესწრებოდა, 35-მა საკითხის ჩაგდებას დაუჭირა მხარი 1 კი ვინც მომხრე იყო მმართველი პარტიის წევრი დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ხმა ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აისახა.