შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ პირების იდენტიფიცირებას ცდილობს, რომლებმაც საპროტესტო აქციების დროს, უწყების ცნობით, სამართალდამცველების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ძალა გამოიყენეს. ცეცხლმოკიდებული საგნები, პიროტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები - სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებს მომიტინგეებმა სწორედ ეს ნივთები ესროლეს, რის შედეგადაც უწყების 58 თანამშრომელი დაშავდა. აქედან 5-ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი, ვინც სამართალდამცველებს 2 დღის განმავლობაში მიზანმიმართულად უპირისპირდებოდა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ფაქტებს უწყების წარმომადგენლები ჯერ კიდევ სწავლობენ, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბრიფინგზე გასაჯაროვებული ეს კადრები დაერთვება საქმის მასალებსაც.
სამართალდამცველების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს უწყებისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. სპეციალურ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ აქციის შედეგებიც შეაჯამა და თქვა, რომ მომიტინგეების ნაწილმა საზოგადოებრივი წესრიგის ყველა ნორმა დაარღვია, შეუტია საკანონმდებლო ორგანოს და დაუპირისპირდა პოლიციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე დასჭირდა უწყებას ძალის გამოყენება. აქციის დაშლას კი, დაკავებები მოჰყვა. ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 133 პირი დააკავა, ყველა მათგანი უკვე თავისუფალია
ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პროპორციული ძალაა, ოპოზიციისთვის ძალის გადამეტებაა. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს თქვეს, რომ პროტესტის დაშლას საფუძველი არ ჰქონდა და აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ.
იმ მომიტინგეებზე ვინც კანონის ჩარჩოებს გასცდა და ინფრასტრუქტურა დააზიანა - სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს ქართული ოცნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ამ დრომდე გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის მიზნით, რომლებიც უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.