ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტ ევგენი კისელიოვთან ინტერვიუში თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. პარალელს ავლებს მაიდანის აქციებთან და მსგავს სცენარს არ გამორიცხავს თბილისშიც. 8 მარტს ჩაწერილ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს ხელისუფლება უკან არ გაიწვევს. ის აცხადებს, რომ აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. ყოფილი შს მინისტრი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის გამო უკვე მსჯავრმოხდილია, აკრიტიკებს სამართალდამცველთა მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენების ფორმებსაც. მერაბიშვილი არ მალავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროტესტის ორგანიზების რესურსი აქვს და გეგმებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ათანხმებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ახალი თავმჯდომარის პირობებში ვანო მერაბიშვილი სერიოზული გავლენებით სარგებლობს, საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკური მიზნების გამო არ შეერთებიან. პარტიაში არც იმას ადასტურებენ, რომ აქციების შედეგი მათთვის სააკაშვილის გათავისუფლება უნდა ყოფილიყო.
კანონპროექტის ავტორებისთვის მერაბიშვილის ინტერვიუ იმის მტკიცებულებაა, რომ მათი ინიციატივის რევოლუციის მოწყობის საბაბად გამოყენება სურდა "ნაციონალურ მოძრაობას". ამბობენ, რომ სწორედ ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გახდა ახალგაზრდების პროტესტის მიზეზიც.
თბილისში ჩატარებული აქციებიდან "ნაციონალური მოძრაობა" რომ პოლიტიკურ სარგებელს ელოდა, ამაზე ხელისუფლების ოპონენტებიც საუბრობენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან აქციების ორგანიზებისთვის პარტიას საკუთარი რესურსი აღარ აქვს.
აღიარებითი ჩვენება - ასე შეაფასეს ყოფილი ძალოვნის ინტერვიუ "ქართულ ოცნებაში". როგორც სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, უმრავლესობის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიციისთვის არ მიეცათ შესაძლებლობა, ახალგაზრდების პროტესტი პოლიტიკური გეგმებისთვის გამოყენებულიყო. მერაბიშვილის განცხადება მაიდანის სცენარზე მმართველი პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიზნების ლუსტრაციაა.
თბილისის ცენტრში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებს დღეს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტი ფეისბუქ სტატუსში წერს, რომ აქციის მონაწილეები ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს.