პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ჩავარდნას, გარეთ ოვაციები და შეძახილები მოყვა. დემონსტრანტები პლენარული სხდომის დასრულებას ერთად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ელოდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება დილიდან დაიწყეს და სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარებიც გააკეთეს.
სხდომის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა იქვე თქვეს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს დააკვირდებიან. თუმცა, მათ აქციაზე რომ პოლიტიკური შინაარსის განცხადებების მოსმენა არ სურდათ - ესეც განმარტეს.
სესიის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვის სურვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გამოთქვა, თუმცა დემონსტრანტებმა გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა პროტესტი გამოხატეს, ვაშაძემ ტერიტორია დატოვა.
ახალგაზრდებმა აქციის შეწყვეტისა და დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი მაინც სცადეს და თქვეს, რომ პროტესტი შეწყვეტის ნაცვლად უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი უნდა გამხდარიყო.
ოპოზიციის გეგმები შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების ერთადერთი მიზანი არა კანონის გაწვევა, არამედ რევოლუციური სცენარის განვითარება და ამ მიზნისთვის ახალგაზრდების გამოყენება იყო.
რუსთაველზე აქცია მშვიდობის მარშით დასრულდა. დაშლამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს, თავისუფლების მოედნიდან ისევ პარლამენტთან გადმოინაცვლეს აქციის დასასრულს კი, ახალგაზრდებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს.
ავტორი: ანუკა ბუავა