15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის ერთდღიანი ვიზიტი კიევში დასრულდა. სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფინეთს გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ნატოს" სამომავლო სამიტზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებამდე, "ნატოს" წევრი სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელის.

"მადლობელი ვარ ფინეთის სამხედრო დახმარების პაკეტებისთვის, "სატანკო კოალიციაში" აქტიური მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობის ამ სფეროს ჩვენი ინტერესების, უკრაინისა და ფინეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ჩვენი ევროპელი მეზობლების საკეთილდღეოდ. რაც შეეხება ნატოს სამიტს ვილნიუსში, მიწვეულები ვართ, მაგრამ სურვილი გვაქვს, ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯებიც ვიხილოთ. ომის დროს "ნატო"-ში გაწევრიანება არ შეგვიძლია, თუმცა ვისურვებდით, ამ გზაზე უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები გვქონდეს. ვილნიუსის სამიტზე ნატო-ს სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს მოველით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფინეთის-პრემიერ მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, არსებულ ბნელ დროში, უკრაინა და ფინეთი ერთიანია და მომავალში, მათი მხრიდან, უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ, ერთიანობის იმედის შუქი არსებობს. სანქციებთან, უკრაინის იარაღით დახმარებასთან, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიერეთ. ასე რომ, ჩვენ ერთიანი ვართ, ვდგავართ ჩვენს ღირებულებებზე, უკრაინა კი ევროპული ღირებულებებისთვის, ფრონტზე იბრძვის", - განაცხადა სანა მარინიმა.

დღის ამბები