"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კანადურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, გამჭვირვალობა ნებისმიერ ქვეყანაში მნიშვნელოვანია.
"არამხოლოდ კანადაში, მე კომიტეტზეც ვთქვი, რომ არ მეგონა თუ ამერიკის კანონის დაცვა მომიხდებოდა ამერიკელებთან და ამერიკის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთან. გამჭვირვალობას არაფერი აქვს საერთო რუსულთან. ის რომ ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და დემოკრატია, ეს არის ქართული და ეს არის ევროპული.
ჩვენ არა მხოლოდ აშშ-ის კანონმდებლობას გადავხედეთ, არამედ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობები. მეტსაც გეტყვით - ჩვენ მიერ კანონპროექტის ინიციირებიდან მეორე დღესვე, ევროპარლამენტში მოხდა ზუსტად იგივე, ანალოგიური, FARA-ს კანონის მიხედვით შექმნილი დოკუმენტის ინიციირება. გამომდინარე აქედან, არა მხოლოდ კანადაში, არამედ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი ტიპის კანონი, მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ განხილვის დაწყებაც არ უნდოდათ, რადგანაც არ უნდოდათ გამჭვირვალობა და ლუსტრაცია, რომ სამწუხაროდ, არიან უცხოური ძალები, რომლებიც აფინანსებენ ისეთი ტიპის არასამთავრობოებს, რომლებიც არიან რადიკალურად განწყობილები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციებს დაიწყებს. უკავშირდება თუ არა კანადის მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობების გავრცელებას? - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აანონსებს, რომ დეტალები ცნობილი მალე გახდება.