სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს, ამბობდნენ, რომ მას ნდობა ჰქონდა, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისგან. ის ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ. ეს, რასაც ახლა ვხედავთ, არის ძალიან საშიში ფენომენი. ვხედავთ, რომ ცდილობენ, ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში და გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეიქმნა ჯგუფები, იწვება წიგნები, ლექტორები არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს.
"ამას საზოგადოების მხრიდან დროული რეაგირება და გაცნობიერება სჭირდება, რომ არ მეორდებოდეს ის, რაც სამყარომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იხილა ზოგ ქვეყნებში, სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ის, რაც საზოგადოებამ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ. იმავე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა, რომ გახდეს ლიდერი. ვგულისხმობ მათ შორის, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით გამოდის. შედით და ნახეთ, რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან და როგორ ეიფორიაში არიან, კი, გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ და ჩავრეცხოთო. წარმოიდგინეთ, ეს მიდგომა რომ აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე-ღამეს სემინარებში ატარებს, ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მოაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი. ნათელია, რამდენად ფასადურია ზოგიერთი უფლებადამცველის და ლამაზი სიტყვებით მოსაუბრე ადამიანების განწყობა და რამდენად სცდება შინაარსი ამ ფასადს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა