საქართველოს ადგილი ევროპაშია. ქართველმა ხალხმა ევროპული გზა დიდი ხნის წინ აირჩია და მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იბრძვის ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა, რომ ქართველ ხალხს აქვს ერთი მისწრაფება და ეს ევროპაა, ევროპული გზა. ქართველებს კიდევ ერთხელ დასჭირდათ ხმამაღლა იმის თქმა, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ჩვენი არჩევანი დასავლური კურსია.
სამი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი - გაჩნდა განცდა რომ სწორედ მათ - ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ამ ქვეყნის მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ეთქვა - ყველას გასაგონად რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა. ამ მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გაითვალისწინა, უმრავლესობამ 10 მარტს - ინიციირებული კანონპროექტები ჩააგდო. მმართველ ძალას მიაჩნია, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა მათი პასუხისმგებლობაა და მათ მეტად უნდა ეზრუნათ საკუთარი სათქმელის და ხედვის მოქალაქეებამდე მისატანად.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას ერთმანეთის მიყოლებით მოყვა შეფასებების საერთაშორისო პარტნიორებისგან. ევროპელმა ლიდერებმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა დადებითად შეაფასეს! "ეს კარგის ნიშანია" -თქვა ჟოზეფ ბორელმა. ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კი აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის გზაზე.
კანონპროექტის გაწვევას და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მიესალმა შეერთებული შტატების საელჩოც. დიპლომატიურმა მისიამ მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმებზე - იგივე თქვა ევროკავშირმაც. ევროპულმა გაერთიანებამ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოუწოდა განაახლონ ევროკავშირის მხარდამჭერი რეფორმების განხორციელება და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად 12 პრიორიტეტის შესრულება.
მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპული ოჯახისკენ. პარლამენტმა აირჩია ახალი სახალხო დამცველი. ესეც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომლის მიხედვითაც - ოპოზიციას და უმრავლესობას ერთად უნდა დაეჭირათ მხარი დამოუკიდებელი ომბუდსმენისთვის.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.
მან თავისი საქმით, ქმედებით, გადაწყვეტილებებით უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი. 12 რეკომენდაციის ზოგიერთი პუნქტი ნაწილობრივ ან მეტწილად შესრულდა. ამას მოწმობს ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ - ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში.