"პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახალხო დამცველად აქტიური პოლიტიკოსი არჩევა მოხდა-ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "კურიერი P.S." ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა იმ წუთიდან შეწყდა, რა დროსაც ომბუდსმენის კანდიდატად ყოფნის პროცესში მას, პოსტზე ასარჩევად 95 დეპუტატმა მხარი დაუჭრია.
"პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც სახალხო დამცველად აქტიური პოლიტიკოსი არჩევა მოხდა. თუმცა ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი და ნორმალური იმიტომ, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებში და მათ შორის ევროკავშირის ომბუდსმენი ორჯერ იყო პოლიტიკოსი. ეს განპირობებულია ჩვენი საკონსტიტუციო ჩანაწერით ჩვენი კონსტიტუცია თვითონ იმდაგვარად არის დაწერილი, რომ პარლამენტს უბიძგებს აირჩიოს პოლიტიკოსი ომბუდსმენად იმიტომ, რომ საქართველო არის საპარლამენტო ომბუდსმენის ქვეყანა. ანუ, პოლიტიკურ ორგანოში, პოლიტიკოსები ირჩევენ ომბუდსმენს და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელი არის გადაწყვეტილების მიღება ერთი პარტიის მხრიდან, კონკრეტული პიროვნების სასარგებლოდ და აუცილებელი არის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება, ეს კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკურ ფიგურაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ომბუდსმენიც პოლიტიკური წრიდან იქნება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იქნება არჩეული იმიტომ, რომ რაც უფრო დემოკრატიული და მრავალ პარტიული იქნება პარლამენტი, ეს იქნება წინაპირობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მოხდეს ომბუდსმენის არჩევა.
ჩემი პოლიტიკოსობა დამთავრდა იქ, როდესაც ჩემს სასარგებლოდ 95-მა დეპუტატმა დააჭირა ღილაკს ხელი. მე კანონით იმ მომენტიდან აღარ მაქვს უფლება, რომ გავაკეთო პოლიტიკური განცხადებები , ჩავერიო პოლიტიკურ პროცესში და მთელი ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია უკვე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობასთან,"-აცხადებს ლევან იოსელიანი.