საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "სპეციალურად მომზადებულმა ახალგაზრდებმა დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ პროცესის მიმართ."
ქადაგიშვილის თქმით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გასათვალისწინებელია.
"ნათლად დავინახეთ, რა იყო სტუდენტების, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და თავისთავად დასანახია, შესაფასებელი და გასათვალისწინებელია. ამავდროულად, უნდა მოხდეს დეტერმინაცია, გაყოფა იმისა, რომ იქ იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებმაც, სხვათა შორის, დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესის მიმართ, რაც გამოხატეს. აი, მათ საფარველ ქვეშ მოახდინეს შეიარაღებული მოლოტოვის კოქტეილებით და სხვადასხვა ნივთით თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე და ირიბად და ფაქტობრივად მოახდინეს თავდასხმა იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც ჰქონდათ სულ სხვა მიზნები თავიანთი საპროტესტო აქციის დროს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.