15 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულება - ვინ რა წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამოცანაში და რა კონკრეტული რეკომენდაციებია კიდევ შესასრულებელი

თბილისის ცენტრში მიმდინარე სამდღიანმა საპროტესტო აქციებმა, აქტიურ დღის წესრიგში დააბრუნა ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი.

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ევროკომისიის ყველა მითითება სრულდება და ამის დასტურად ოპოზიციონერი დეპუტატის სახალხო დამცველად არჩევა მოჰყავს. ხელისუფლება პირობას დებს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულებას აგრძელებენ, ერთადერთი კი, ვინც მათ ამ პროცესში ხელს უშლის, ოპოზიციაა.

უკვე შესრულებულად გამოცხადებულ რეკომენდაციებში, ოპოზიციის ერთ ნაწილს თავისი წვლილი არ შეუტანია. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ 12-დან მხოლოდ ორია დარჩენილი და ამაზეც ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან - სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ითხოვს, თუმცა არ საუბრობს საკუთარ როლზე ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში.

არადა, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. აგენტების კანონო ჩააგდო, ყველა დასავლელი პარტნიორი ორივე მხარეს მოუწოდებს არ დაკარგონ შანსი.

პარლამენტის თავმჯდომარე "რუსთავი2"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროსაბჭოდან მიღებული რეკომენდაციების უმრავლესობა მმართველმა გუნდმა, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე უკვე შეასრულა.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა, დღეს ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მთავარი გამოწვევაა. ამ პირობის მისაღწევად კი, მათი შეფასებით, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციაა საჭირო.

კონსოლიდაცია, როგორც ჩანს, ვერ შედგება. ოპოზიციაში, სამუშაო ჯგუფებში კოლეგების თანამონაწილეობის საკითხზე, კრიტიკული მოსაზრებები აქვთ.

ევროკომისიამ უკვე გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესაძლებლობები და ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რისი გაკეთება შეძლეს ქვეყნებმა ამ გზაზე. დოკუმენტში აღწერილია ქვეყნის მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში და მითითებულია, რომ ისინი ძირითადად  ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის შეფასებით, საქართველო ასოცირებული ტრიოს ლიდერი ქვეყანაა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ევროპულმა საბჭომ, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა და იმ პირობების ჩამონათვალი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს, 2022 წლის ივნისში დაამტკიცა.

გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს აერთიანებს. ევროპელი პარტნიორები საქართველოს პროგრესს წლის ბოლომდე შეაფასებენ.

დღის ამბები