17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
კიდევ ერთი ბავშვი, რომლის სიცოცხლეც, სავარაუდოდ უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა - როგორ იხსენებენ ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას თვითმხილველები

კიდევ ერთი ბავშვი, რომლის სიცოცხლეც უსაფრთხოების წესების დარღვევას ემსხვერპლა. ძლიერმა ქარმა, 8 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ძმასთან ერთად თამაშობდა, ატრაქციონთან ერთად გაიტაცა, ბატუტი გადაბრუნდა, შიგნით მყოფი არასრულწლოვნები კი მძიმედ დაშავდნენ.

მიღებული ტრავმების გამო, 8 წლის ბავშვი საავადმყოფოში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა, მისი 3 წლის ძმის გადარჩენას კი ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. არასრულწლოვანს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. პოლიცია თვლის, რომ ბრალდებულმა ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვასთან დაკავშირებით, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეებს ეძებს აჭარის მთავრობაც, რომელიც ბავშვის დაღუპვაში დამნაშავე ყველა პირის დასჯის პირობას დებს.

ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბასთან, სადაც ტრაგედია მოხდა, ახლა მხოლოდ ქვიშაში ჩაფლული დამჭერი კონსტრუქციის ნარჩენები და მოწყვეტილი თოკებია დარჩენილი, რომლებითაც ბატუტი იყო გამაგრებული. ღამის საათებში, როდესაც შემთხვევა მოხდა, ადგილზე ბევრი თვითმხილველი არ ყოფილა, თუმცა, ვინც შეესწრო, ისინი "კურიერთან" მძიმე სურათს აღწერენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი ქარი მოულოდნელად ამოვარდა.

მძიმე ტრაგედიის ფონზე, ოჯახის წევრებს, რომლებიც ეთნიკურად უკრაინელები არიან, მედიასთან საუბარი არ სურთ. მათ უკვე მიუსამძიმრეს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა, რომლებიც მომხდარის დეტალური გამოძიების და რეაგირების პირობას დებენ.

ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ზომების კონტროლზე ან რთული ამინდის შემთხვევაში სანაპირო და რეკრეაციული ზონებიდან მოქალაქეების გაყვანაზე - ამ საკითხებზე ბულვარის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე განმარტება არ გაუკეთებია. გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით გრძელდება. ამ დროისთვის პოლიციამ ერთი პირი, 64 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ბატუტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.

დღის ამბები