15 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს გულწრფელმა მოქალაქეებმაც, თუმცა მოვლენებმა მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც - ირაკლი კობახიძე

"აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის "საუკეთესო" ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ბრიფინგის დროს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან გასული კვირის მოვლენები შეაჯამა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, გასულ კვირაში სწორედ "რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა". მისივე განცხადებით, "ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად".  

"უნდა აღინიშნოს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან", "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", "სირცხვილიასთან" და "დროასთან" ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა "ფრანკლინის კლუბის" აქტიურობა. "ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია "ატლას ნეთვორქი", რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა "ბრექსიტზე", ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.

"ფრანკლინის კლუბი" პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული "თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული "საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისათვის "ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. "ფრანკლინის კლუბში" ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.

გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.

აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის "საუკეთესო" ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი "ნაცმოძრაობის" ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები