15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც განვიხილავთ და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული - შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნები დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, მათ წინასწარ მიეწოდათ

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დასკვნაში სერიოზული შენიშვნები არ არის, არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც  განიხილავენ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებაც მიღებული. 

"ვენეციის კომისიას ჰქონდა სხდომა 10-11 მარტს, რომელზეც განხილული იყო დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, ეს დასკვნები კი, დღეს სავარაუდოდ აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები წინასწარ მოგვეწოდა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს - არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, ამაზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი და ნახსენებია, რომ კი, ეს არის უკრაინული და ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა.

მეორე - შეიძლება თუ არა, რომ საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზე ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ რაიმე წინააღმდეგობა არ არის. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. 

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას, ცვლილებებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე ცვლილება ვენეციის კომისიას არ გააჩნია. აქვთ წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა სერიოზული შენიშვნები არ არის. 

ჩვენ ორივე პროექტი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ასევე ეუთო/ოდირში და ვთხოვეთ ერთობლივი დასკვნა. თავიდანვე ორივე უწყებიდან პასუხი გვქონდა, რომ ცალ-ცალკე იქნებოდა დასკვნები, ამიტომ ჯერ კიდევ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, რომლეიც სავარაუდოდ მომავალ კვირას იქნება. სწორედ ამის შემდეგ, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას. 

რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ მომავალ კვირას განვიხილავთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ასევე დავამტკიცებთ ადამიანების უფლებების სტრატეგიას. ამით კი მერვე და მეცხრე რეკომენდაცია საბოლოოდ შესრულდება. დარჩენილი გვექნება 2 საკითხი - დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის, რომელსაც ჩვენ უახლოეს დროში დავასრულებთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები