საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების დარიგების საკითხზე განმარტავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) პუბლიკაცია პარლამენტის აპარატს საკუთარი ინიციატივით არ დაურიგებია.
როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება.
"სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.
ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, "ლელოს" ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი "ლუციფერის მხილება" დარიგდა. როგორც "ლელოს" აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს უკვე გადაეცა.