არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც მასწავლებელი, რომელიც არის "ნაცმოძრაობის" აქტივისტი, აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება ამ მოსწავლეების პოლიტიკოს მშობლებს. წარმოიდგინეთ, ფაშიზმსა და ბოლშევიზმს ერთად თუკი რაიმე სახელი ეწოდება, არ ვიცი, მხოლოდ ეს შეიძლება დავარქვათ ამ საკითხს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს არის უმწვავესი საკითხი, რომელზეც პირადად მე ყურადღებით დავაკვირდები, ჩემს ამ პასუხს გაახმოვანებენ თუ არა ის ტელევიზიები, რომლებიც გარკვეულ მორალს უკითხავენ ხოლმე ადამიანებს. არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც მასწავლებელი, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება ამ მოსწავლეების პოლიტიკოს მშობლებს.
წარმოიდგინეთ, ფაშიზმსა და ბოლშევიზმს ერთად თუკი რაიმე სახელი ეწოდება, არ ვიცი, მხოლოდ ეს შეიძლება დავარქვათ ამ საკითხს. შეგნებულად არ დავაკონკრეტებ, რომელ სკოლაში მოხდა ეს. ასეთი რაღაცები არათუ უნდა დაიგმოს, ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და იმიტომ ვიკავებ თავს ამ მოსწავლეების დასახელებისგან, რომ მათ არ მიადგეს უდიდესი ფსიქოლოგიური ზიანი და ტრავმა.
ამას ახალისებს "ნაცმოძრაობის" და მდიდარი ენჯეოსექტორის ლიდერების განცხადებები. ისინი გვერდით უდგანან იმ ადამიანებს, რომლებმაც ნამდვილად უღალატეს თავის დროზე ამ ქვეყანას. ჩვენ ასეთ პერსონალურ თავდასხმას ვერიდებით ხოლმე და ვამბობთ "ნაცმოძრაობაზე". 6 ხელმომწერი ჰყავდა რეზოლუციას, რომელიც იყო და არის ღალატის მტკიცებულება. პერსონალური შტურმი არცერთ მათგანზე არასოდეს მიგვიტანია, იმიტომ რომ ოჯახები ჰყავთ", - აცხადებს მდინარაძე.
მმართველი გუნდის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის პარალელურად იყო ბულინგი. ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. "ქართული ოცნების" შეფასებით, კამპანია ლიბერალური ფაშიზმის ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი.