საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებას პოლიტიკური პარტიები აფასებენ.
ევროინტეგრაციის გზაზე ნაღმების დადებაში, თავის მხრივ ოპოზიციას ადანაშაულებს მმართველი გუნდი, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყველაფერის მიუხედავად, და მთავარი მიზნის მისაღწევად, ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობდა საქართველოსთვის ხელის შეშლას ევროინტეგრაციის გზაზე.
"სამწუხაროა და ეს წარმოაჩენს რადიკალური ოპოზიციის ნამდვილ არსს, ოპოზიცია შეეცადა თავიდანვე ბოიკოტის რეჟიმით ხელი შეეშალა ამ გეზისთვის და რაღაც ფორმით გაემიჯნა პროცესს.
ვინაიდან მთავარი ამოცანა, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორც ჩანს დასახული ეს იყო, რომ, ამ პუნქტების შესრულებისთვის როგორმე ხელი შეეშალათ. ემუშავათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ, მათ შორის რეპუტაციული ზიანი თითოეული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა და სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა განცხადებები გუშინ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს და იმედი გამოთქვეს, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული.
ამასთან, ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში გადამწყვეტი ხელისუფლების ქმედებებია - ასეთია ოპოზიციის დამოკიდებულება.