პარლამენტის წევრის, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პირველ რიგში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა განსაზღვროს, მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით საუბრობს, თუ საუბრობს საკუთარი სახელით.
დაუშვილის განმარტებით, მერაბიშვილის განცხადებები, "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
"ჩემი აზრით, მანდ მნიშვნელოვანია ხაზი გავავლოთ და ამ ხაზს ჩვენ ვერ გავავლებთ, პირველ რიგში ეს ხაზი უნდა გაავლოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", როდესაც საუბრობს ბატონი მერაბიშვილი, საუბრობს საკუთარი სახელით თუ საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებას ესმოდეს, ეს ადამიანი ვისი სახელით გვესაუბრება.
ჩვენი დაკვირვებით, ბატონი მერაბიშვილი რასაც საუბრობს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვნად ხელს უწყობს, "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში იმიტომ, რომ "ოცნების" პროპაგანდისტული ხაზი რაზეც გადის, ამის საუკეთესო მკვებავი არის ის ფრაზები, რასაც ვისმენთ ბატონი მერაბიშვილისგან", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.