15 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ორი დღეა სოცქსელებში მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე, რომელიც ყდის იქით გადაფურცვლასაც არ იმსახურებს და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნის დარიგების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი შეფასებით, მიმდინარეობს იაფფასიანი კამპანია, რომელიც პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება.

"ორი დღეა, სოც.ქსელებში მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე (წიგნსაც ვერ დავარქმევ), რომელიც ყდის იქით გადაფურცვლასაც არ იმსახურებს (ნაგვის ურნას მხოლოდ) და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება.

ჯერ ერთი, დილიდან პარლამენტში ვიყავი და არანაირი ფოსტა არ მიმიღია და მეორეც, რაიმე მასალაც რომ მიმეღო, ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, თუ რა წერილს მივიღებ, არამედ თითოეულ წერილზე, რასაც კი მივიღებ, როგორი რეაგირება მექნება, ეგ არის ჩემი პასუხისმგებლობა. რომ დროულად და სამართლიანად ვუპასუხო ყველა წერილს, რასაც ვაკეთებ და არაერთი ღირსეული მოქალაქე გავიცანი ასე.

ცალკეა კიდე პატივისცემა პარლამენტის აპარატის თითოეული თანამშრომლის მიმართ! ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს და კონკრეტულ პარტიას კი არა, სახელმწიფო ინსტიტუციას ემსახურება. მათი ჩართვა, მდაბიო ხარისხის პოლიტიკურ ბუფონადებში უკიდურესად უღირს საქციელად მიმაჩნია.

რაც შეეხება იმ გამოცემას, სარჩევი ჰქონდა გაზიარებული არაერთს და იქიდანაც კი ჩანდა რომ ეს მაკულატურა შეიცავს ანტისემიტურ ჩანართებს. მისი ფოტოს ატვირთვა და გაზიარებაც კი არის დაუშვებელი და ახალისებს იმას, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის! არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესის გამო იკადრო ყველაფერი, მით უმეტეს, ტყუილი, დეზინფორმაცია და ფაშიზმი!"- წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, მანამდე ამ ფაქტს პარლამენტის აპარატიც გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

დღის ამბები