"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" კვლევის მიხედვით, "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. წელს საქართველო, "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორით, ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს.
მთავრობების კეთილსინდისიერება შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: კორუფციის აღქმა,მექრთამეობის რისკი, კორუფციის კონტროლი, მათ შორის, სახელმწიფოს "მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის. 2022 წელს "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდიკატორში შეფასების ასპროცენტიანი სკალიდან საქართველომ 62.9% აიღო და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა.
2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი ეკავა.
"მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და ვაშინგტონის ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" "მთავრობის კეთილსინდისიერების" ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ამ მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 15 სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყანა ლიდერია კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში, ხოლო პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ჩამორჩება. ჩვენი ქვეყანა შეფასდა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიც არის მექრთამეობის რისკი, კორუფციის კონტროლი და კორუფციის აღქმა, შეფასების 100%-იანი სკალის მიხედვით, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 62.9%, რითაც ათი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი აჩვენა, 31 საფეხურით აინაცვლა ზემოთ. შედარებისათვის, 2012 წელს ჩვენმა სახელმწიფომ 69-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მაჩვენებლების მიხედვით, 38% ჰქონდა," - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.