15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი საქართველოში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს - რა არის მერაბიშვილის მიზანი ვინ ემიჯნება მას

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, უკრაინულ ტელეარხთან "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდა არჩევნებზე ისაუბრა და მელია პასიურობაში დაადანაშაულა. ვანო მერაბიშვილის კრიტიკას, ნიკა მელიას ფლანგმა კრიტიკითვე უპასუხა. ყოფილი თავმჯდომარის გუნდი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებებს, მხოლოდ ბინძურ ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის პოზიციონირება საერთო მიზნებს აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნების მიმდინარეობისას ვანო მერაბიშვილის როლი მელიას თანამოაზრეებისთვის ისედაც ცნობილი იყო, ყოფილი მინისტრის ასეთმა გააქტიურებამ, მათ ეს ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად გაუმყარა.

ბაჩო დოლიძის მწვავე რეაქცია ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს მოჰყვა. შიდაპარტიული საკითხების გარდა, მერაბიშვილმა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მოტივით აქციებიც დააანონსა.

მერაბიშვილის პოზიციას, მის პირად, სუბიექტურ დამოკიდებულებას უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის გუნდი, რომელმაც დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას პარტიის ნაწილი, სწორედ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს უკავშირებს, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი მენეჯმენტი მაინც ამტკიცებს, რომ მერაბიშვილს პარტიულ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.

9 აპრილს დაანონსებულ აქციას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უერთდება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია ”რუსთავი 2-ის” ეთერში, "ღამის კურიერშიც" გააჟღერეს. "ლელოსთვის" და "გირჩისთვის" გაუგებარია როგორც აქციის მიზანი, ისე თარიღიც.

”ნაციონალური მოძრაობის” აქციას არ უერთდებიან არც მოქალაქეები და არც გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები. მათთვისაც პროტესტის მიზანი გაუგებარია, ასევე გაუგებარია რას აანონსებს ვანო მერაბიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ მხოლოდ ერთს ამტკიცებს - რომ ის, "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალური მმართველია და რომ პარტიას ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა სურს. პარლამენტში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ეს მიზნები არარეალურია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვანო მერაბიშვილი უკრაინულ მედიაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, გეგმებსა და შიდაპარტიულ საკითხებზე საუბრობს. მისი ინტერვიუ მედიაში წინა კვირასაც გავრცელდა, იქაც ყოფილი ძალოვანი აქციებს აანონსებდა.

დღის ამბები