15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
12 რეკომენდაცია - შეძლებს თუ არა საქართველოს პარლამენტი ერთობლივად მუშაობას

ქალი დეპუტატები, პარლამენტში ისევ ოპოზიციის გააქტიურებას ცდილობენ. მათი კონკრეტული ადრესატი მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტშია და თან 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისში ჩამოსული ევროკავშირის წარმომადგენლების მორიგი გზავნილი ერთობლივ მუშაობაზე "ნაციონალურ მოძრაობას" ეხებოდა. იმავდროულად აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში, ხელისუფლებაა.

სირთულის დაძლევა "ნაციონალურ მოძრაობას" ქუჩიდან უფრო წარმოუდგენია. პარტიაში ფიქრობენ, რომ 12 პუნქტის შესრულება ხელისუფლებას სწორედ აქციებით უნდა აიძულონ, თუმცა ვერ მალავენ, რომ ამ პროცესში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თავადაც აქვთ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ მთავარ ოპოზიციურ ძალაში ირწმუნებიან, რომ მზად არიან ყველა პროცესში ჩაერთონ.

"გირჩში" დღეს იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ საერთაშორისო მეგობრების არაერთი მოწოდების მიუხედავად პარტიების ნაწილი არათუ თავად ერთვებოდა სამუშაო პროცესში, არამედ ამის გამო სხვებსაც აკრიტიკებდა. 

ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის სამეული ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ხვდებიან და არწმუნებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ხელისუფლება არა, თუმცა ქართველი ხალხი იმსახურებს.

მმართველ პარტიაში მკაფიოდ აცხადებენ, რომ სტატუსს მიიღებს ქვეყანა ხელისუფლებასთან ერთად.

ერთობლივი მუშაობის მოწოდებების ფონზე ოპოზიციის ნაწილის ქმედებები სახელისუფლებო გუნდისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ მათი სურვილია ქვეყანას სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში არ მიენიჭოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განმარტება 12 რეკომენდაციიდან შესასრულებელ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა, რაზეც ოპოზიციის ნაწილს საკუთარი შენიშვნები აქვს. 

შეიცვლება თუ არა მორიგი მოწოდების შემდეგ პარტიების დღის წესრიგი? - ევროკომისიის 12 პუნქტზე პარლამენტი მუშაობას განაგრძობს, თუმცა ნაწილი ამ პროცესს ისევ ემიჯნება.

დღის ამბები