სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის გაგზავნის გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. საუბარია მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
სახელისუფლებო გუნდში საქმის უპერსპექტივობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სწორედ ამას უკავშირებენ პროცესის გაჭიანურებას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო ობიექტური და სამართლიანი.
"ამით ისინი ფაქტობრივად ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სინამდვილეში იყო ობიექტური და მიხეილ სააკაშვილი არც კვდება და არც მისი ჯანმრთელობა არ იდგა რისკის ქვეშ. შესაბამისად, სტრასბურგს რომ მიმართონ, ამით მხოლოდ ფეიკ კამპანია გახდება უკვე ბოლომდე ოფიციალურად ცხადი. შესაბამისად, ამ ადამიანებს სწორედ ეს ინტერესი აქვთ, რომ კრახით დასრულდა მათი სიცრუეზე აგებული დეზინფორმაციები და კრახით სრულდება რასაკვირველია, მათი სამართლებრივი მექანიზმები, ვინაიდან, ჩვენი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო ობიექტური და სამართლიანი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციები მიმდინარეობს.
"სააკაშვილის საკითხი საზოგადოებაში არის ამოწურული. ყველამ დაინახა, რომ იქ იყო მანიპულაციები, არის და გრძელდება მანიპულაციები. ეს უკვე საზოგადოებაში უინტერესო თემაა, ალბათ ამიტომაც არის ზუსტად რომ არ გაიგზავნა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში ის ობიექტური გადაწყვეტილება, რაც მიიღო სასამართლომ. იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ თუ ის დაუჯერებს ექიმებს და იკვებება ნორმალური კალორაჟით, ის იქნება ჩვეულებრივ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის დიდი კითხვის ნიშნები, რომელიც შეიძლება გააჩნდეს, თუკი საერთოდ გააგზავნიან ასეთ სარჩელს საერთაშორისო სასამართლოში. მაგრამ, დღემდე რომ არ აგზავნიან და თან ამბობდნენ, რომ კვდება, დილას აღარ იქნება და საათები დარჩა და ა.შ. ეს რომ რეალური არ არის, ეს ადასტურებს, რომ სარჩელი არ არის გაგზავნილი საერთაშორისო სასამართლოში. ნებისმიერი სასამართლო და მათ შორის საერთაშორისო, ბუნებრივია, იტყვის, რომ აქ არანაირ სიკვდილთან და წამებასთან არ გვაქვს ადგილი,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.