მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მედიასთან საუბარი არ სურს. დაცვის მხარე და ოჯახი ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ ამ სახელწოდებით დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა ჩაბარებოდა, თუმცა გაირკვა, რომ სარჩელზე მუშაობა ამ დრომდე დასრულებული არ არის. რა ეტაპზეა პროცესი და რა წერია დოკუმენტში, ზუსტად არც სააკაშვილის ოჯახმა იცის. გიული ალასანიას თქმით, სავარაუდოდ სტრასბურგს უახლოეს მომავალში მიმართავენ.
რატომ გაჭიანურდა საერთაშორისო სასამართლოში სააკაშვილის სარჩელის გაგზავნა, კონკრეტული არგუმენტით განმარტავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი თქმით, დროის გაყვანის ერთადერთი მოტივი, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მისი ოჯახის და ადვოკატების მხრიდან მანიპულაციაა.
სააკაშვილის დაცვის ტაქტიკასთან დაკავშირებით,კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის უცნაურია, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრის ფონზე ადვოკატები და ოჯახის წევრები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტისთვის პატიმრობის გადავადებისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს დროულად არ იყენებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ გაიგზავნება თუ არა სტრასბურგში სარჩელი, ეს სააკაშვილის მდგომარეობას არ ცვლის.
მმართველი ძალა სარჩელს "სააკაშვილი-საქართველოს" წინააღმდეგ უპერსპექტივოდ მიიჩნევს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ სააკაშვილი პატიმრობაში ობიექტური მიზეზების გამო დატოვა, ანალოგიურს დაადასტურებს საერთაშორისო სასამართლოც და მიაჩნიათ, რომ მსჯავრდადებულის გარემოცვა ახლა დროის გაჭიანურებით სტრასბურგში მარცხის არიდებას ცდილობს.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარი საქალაქოს შემდეგ, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. ერთ თვეზე მეტი გავიდა და სააკაშვილის დაცვის მხარეს საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.