პუტინის დაკავების ორდერი გაცემულია. ჰააგის ტრიბუნალმა ახლა უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, რომ უკრაინიდან ათასობით ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამ ეპიზოდს, პუტინის გარდა კიდევ ერთი ბრალდებული ყავს - რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ დაუწყია ოკუპანტის ქვეშევრდომების ან მისი დავალებების შემსრულებლების ძებნა, პირდაპირ ზედა რგოლზე გავიდა და თქვა, რომ უკრაინიდან რუსეთში მოტყუებით და იძულებით დეპორტირებული 1600-მდე ბავშვის ბედისწერაში პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იკვეთება. ისევე როგორც ბავშვთა ომბუდსმენის.
კრემლი ყველანაირად შეეცადა გაეუფასურებინა ჰააგის გადაწყვეტილება და თქვა, რომ ამას მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რუსეთში ICC-ის იურისდიქცია არ ვრცელდება. ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ქაღალდის გამოყენების დანიშნულება ზედმეტ განმარტებებს არ საჭიროებს.
უკრაინა კი ასე არ ფიქრობს. კიევისთვის ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან ბუჩაში, მარიუპოლსა და კიდევ ათობით უკრაინულ ქალაქი ჩადენილი არაადამიანური დანაშაულები კარიმ ხანის უწყებას უკვე შესწავლილი აქვს და გამოძიებასაც აგრძელებს. კიევისთვის ეს ისტორიული და სამართლებრივი გარღვევის ჯერ მხოლოდ პირველი ეპიზოდია.
დასავლეთში სულ უფრო აქტუალურია პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეა. მოვლენის უპრეცენდენტულობა და ისტორიულობა დაადასტურეს დასავლეთში. მათ შორის ამერიკაშიც, რომელიც მართალია რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არაა, თუმცა ბაიდენმა პუტინი უკვე დიდი ხანია ომის დამნაშავედ გამოაცხადა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგას რომის სტატუტის წევრმა 38-მა სახელმწიფომ მიმართა, მათ შორის იყო საქართველოც. შედეგად უკვე დღეს პუტინი და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი - მარია ლვოვა-ბელოვა, მსოფლიოს 123 სახელმწიფოში ძებნილები არიან.