"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აქცია და თარიღი, რომელიც პარტიამ შეარჩია - "ნაციონალებმა" საპროტესტო აქცია 9 აპრილს დაამთხვიეს, დღეს, რომელიც საქართველოსთვის ერთდროულად სიამაყის და ტკივილის, ბრძოლის და მსხვერპლის, გამარჯვებისა და თავისუფლების ისტორიაა.
34 წლის შემდეგ - 9 აპრილს, რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო აქციის ეპიცენტრი იქნება, თუმცა განსხვავებული იდეითა და განსხვავებული მიზნით. "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ ძალას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, 21 დღიან ვადას აძლევს. მართალია ევროპული დავალების მოსამზადებლად საქართველოს დრო წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი 9 თვეს 21 დღემდე ამცირებს.
რა გეგმა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" - ამ კითხვას არამხოლოდ პარტიის გარეთ, არამედ პარტიის შიგნითაც სვამენ. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ფაქტია, რომ დაბნეულობა და გაურკვევლობა არათუ აღმოიფხვრა, არამედ გაღრმავდა. ირკვევა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნული იყო და ხაბეიშვილს გეგმები მის გუნდთან არ შეუთანხმებია.
აქციები სურს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსაც, თუმცა ხაბეიშვილი-მერაბიშვილის ჩანაფიქრს აკრიტიკებენ კოლეგა ოპოზიციონერებიც. 9 აპრილს დაანონსებულ აქციას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ უერთდება. "ლელოსთვის", "მოქალაქეებისთვის", "გირჩისთვის", გახარიას "საქართველოსთვის" - 9 აპრილი სხვა დატვირთვას ატარებს.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი შეასრულებს 12 რეკომენდაციას, მათ შორის ერთ-ერთი კი პოლიტიკური პოლარიზების აღმოფხვრაა, რაშიც როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციას თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ.
სანამ "ნაციონალური მოძრაობა" სიმბოლური თარიღების დაჯავშნის პრაქტიკას აქტიურად აგრძელებს და ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე დროს ითვლის, ირკვევა, რომ დაანონსებული „ზე“ პარტიული აქცია ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. ხაბეიშვილის საპარლამენტო გუნდის წევრებს არ დაუმალავთ, რომ ლიდერის გეგმები მედიიდან გაიგეს.
ვისთან შეათანხმა ხაბეიშვილმა გეგმები და ვინ არის პარტიის მთავარი პოლიტიკური დირიჟორი? კითხვები ლეგიტიმურია, თუმცა პასუხები არაოფიციალური. დროში ერთმანეთს უჩვეულოდ თავად ხაბეიშვილის, იქამდე და მოგვიანებითაც კი ვანო მერაბიშვილის მოწოდებები დაემთხვა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის დაწყება დააანონსა.
უკრაინიდან გააკრიტიკა ყველა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც", ყველაზე მეტად კი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
ხაბეიშვილმა რომ საკუთარი დღის წესრიგი საპროტესტო მუხტს მოარგო ეს მმართველ გუნდს აღარ უკვირს, თუმცა პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ფარისევლურ ნაბიჯად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს 9 აპრილი საკუთარ ანტიეროვნულ ღონისძიებებს დაამთხვიოს, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა.
მმართველი გუნდისთვის გაუგებარია ხაბეიშვილის ულტიმატუმიც, თან იმ ფონზე, როდესაც პარტია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. მიხეილ სარჯველაძე ხაბეიშვილის მოთხოვნას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.
1989 წლის 9 აპრილმა და 1991 წლის ამავე თარიღმა ქვეყნის ისტორიაც შეცვალა და 70_თ წლიან ოკუპაციას წერტილი დაუსვა. უკვე დამოუკიდებელ საქართველოში კი ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ისტორიულ თარიღს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არგებს. თუმცა რეალური ზრახვები ფუნდამენტშივე გაშიფრულია, ამიტომაც ვინ მივა და ვინ არა ხაბეიშვილის აქციაზე - ეს უკვე ნათელია.
ავტორი: იზი ბურნაძე