15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან პრობლემებზე სამსჯელოდ, მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს - გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრემიერ-მინისტრს და მთლიან გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.  მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი პატივია უხელმძღვანელოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, იქ სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე, რომლებიც თანამედროვე საქართველოს ქმნიან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და დღეიდან იგი პირადად დაიწყებს აქტიურ კომუნიკაციას დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით.

"რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც ჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ.

ჩვენ გვინდა და შევქმნით აუცილებლად ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის.

აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის," - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები