პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ რადიკალიზმი და არეულობის სურვილი ამოძრავებთ.
პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო აქტორები უნდა ცდილობდნენ ხელი შეუშალონ რადიკალიზმის წახალისებას და კონსტრუქციული თანამშრომლობა წაახალისონ.
"სამწუხაროდ არის ერთი მომენტი და მე აქამდეც ვთქვი, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელსა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს რადიკალიზმის პირდაპირი წახალისებაა და რა თქმა უნდა თუ რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი არ იქნება ამიტომ მე ვწუხვარ. სხვა დროსაც იყო ასეთი შემთხვევა და მე მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ერთის მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანამ უნდა მოახდინოს დეპოლარიზაცია და მეორეს მხრივ ამ ბორბალში დებდე ჯოხს იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე შეხვედრებით თუ სხვა მხრივ, ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი. მათ შორის, შეხვედრები და ხელის ამორთმევა დამატებით ემოციას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი და ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალური ჯგუფები საქართველოში, პირიქით წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალიზმს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარია, შესრულდეს 12 პუნქტი, შეწყდეს პარტნიორებზე თავდასხმა და დალაგდეს უკრაინასთან ურთიერთობა.
"იმისათვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, 3 კომპონენტია ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის, 12 პუნქტი და რეფორმების შესრულება. მეორე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თავდასხმები ჩვენს პარტნიორებზე და მესამე, უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს. ეს არის აუცილებელი ამოცანა. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" განცხადებებს, პროტესტი, პროტესტი და პროტესტი ამის გარეშე არ გამოვა, ყველა ჯერზე როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ჩვენი შეკრება, ეს უნდა გავაკეთოთ და ერთად უნდა დავდგეთ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია და ცნობილი ადამიანები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 2 ძირითადი მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაა საჭირო.
"პრობლემები სადაც არის, ეს არის, 2 ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეს ეხება, ღირებულებით ნაწილს, ღირებულებით ნაწილში იგულისხმება ის, რომ ამ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ "ქართული ოცნების" მხრიდან მზაობას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. პრობლემის მეორე ნაწილი ეხება, საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებაში. ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.