"ნაციონალურმა მოძრაობამ" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიამ ზომების მიღებაც კი დაანონსა.
იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები კი აცხადებენ, რომ უცხოელი ექიმების დაშვებაზე უწყებებში არანაირი მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ან ოჯახის მხრიდან არ შესულა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადება სიცრუეა და ეს დოკუმენტაციითაც მტკიცდება.
"დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ერთ საათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომ განცხადება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან, ჯერ პირველ რიგში, პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ დადებული პირობის ასრულება, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო, შემდეგ თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომელიც დემარშის შემდეგ იქნა დადებული, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან სამედიცინო მისიას,“ - აცხადებს გიორგი ჩალაძე.