ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილშია აღნიშნული.
მათივე თმით, სასწრაფოდ საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში.
„მილიონობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველდღიურად ახორციელებს გამორჩეულ სამუშაოს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საფარად იყენებენ მოსყიდვისა და არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, როგორც ეს ე.წ. Qatargate-ის საქმემ [კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში] აჩვენა. ამ სკანდალში ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და მათმა რამდენიმე სოციალისტმა კოლეგამ ბოროტად გამოიყენეს სისტემა. საბედნიეროდ, ისინი ახლა მართლმსაჯულების წინაშე დგანან. თუმცა, ამ საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა, რათა Qatargate-ის მსგავსი კორუფციული შემთხვევები მაქსიმალურად აღიკვეთოს“, - ნათქვამია სტატიაში.
„ჩვენ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრები, მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებსა და გამჭვირვალე და აუცილებლად განსახორციელებელ წესებს. სამწუხაროდ, ევროპარლამენტში ყველას არ აქვს სურვილი ითანამშრომლოს ჩვენთან Qatargate-ის სკანდალის საფუძვლიან გააზრებასა და გამოძიებაში. ნდობის მასშტაბური კრიზისის ამ მომენტში, რომლის წინაშეც დგანან [ევროკავშირის] ინსტიტუტები, ჩვენზეა დამოკიდებული ნდობის აღდგენა. ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა და სხვა ინსტიტუტები არ უნდა დავუკავშიროთ იმ კრიმინალებს, რომლებმაც ქრთამი აიღეს. ჩვენ არ გვსურს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დამნაშავედ გამოვიყვანოთ რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, თუ გვინდა დავიბრუნოთ მოქალაქეების ნდობა. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ქეციანი ცხვარი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს და ყველა ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას მსოფლიოში“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
წერილის ავტორი ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს, მხარს უჭერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ შემოღებულ დაუყოვნებელ ზომებს მეტი გამჭვირვალობისთვის.
„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში. საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ და გაამჟღავნონ, თუ როგორ უახლოვდებიან ისინი ევროკავშირის კანონმდებლებს. EPP-ს ჯგუფი შემდგომში გააგრძელებს მუშაობას კონკრეტულ ნაბიჯებზე. ჩვენ უნდა დავადგინოთ წესები, რომელიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტების მოტყუებას“, - აღნიშნულია წერილში.
თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრებმა, ირაცე გარსია პერესმა და გაბი ბიშოფმა განაცხადეს, რომ თუ EPP სერიოზულად აპირებს დაადგეს გზას, რომელიც აღადგენს ხალხის ნდობას ევროკავშირის პოლიტიკისა და პროცესების მიმართ, მათ უნდა ახსნან ზუსტად როგორ.
მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნადირობა არ დაეხმარება ამ პროცესს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებაზე ბრალის გადატანა EPP-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიაა, რათა გადაიტანოს ყურადღება იმ არაპროპორციული როლისგან, რომელსაც კორპორაციული ლობირება დიდი ხანია ასრულებდა ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესში.