15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ბოლო პერიოდში, გახშირდა მედიასაშუალებებში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროვების შემთხვევები, რაც კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს - ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი
ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრი, მაღალი საზოგადოებრივი და ჟურნალისტების ინტერესიდან გამომდინარე, ეხმაურება 2023 წლის 18 მარტს შაბათის ფორმულაში გასულ სიუჟეტს არასრულწლოვნის გამოსახურების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებით რეგლამენტირებულ იქნა მისი მიზანი - ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება, მისი ღირსების დაცვა, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
 
ბავშვის უფლებათა კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია).
 
„ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონკვენციის მე-3 მუხლი ასევე განამტკიცებს მნიშვნელოვან პრინციპს - ბავშვების მიმართ ყველა მოქმედების განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის უპირატესობას.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვს იგივე უფლებები გააჩნია, რაც ზრდასრულ ადამიანს, მათ შორის მოსმენისა და მისი აზრის გათვალისწინების უფლება, რაც გულისხმობს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას და ქმედების განხორციელებისას, მათ შორის ვიდეოების გადაღებისა და გასაჯაროებისას მოსმენილ და გათვალისწინებულ იქნეს მისი აზრი.
 
არასრულწლოვნის გამოსახულების გავრცელება ასევე წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-9 მუხლით დაცულ ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
 
შესაბამისად, მედია საშუალებაში გასულ სიუჟეტში კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა დადგინდეს შემდეგი: 1. მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება ბავშვის სახის, ასევე სახელის იდენტიფიცირება, გაჟღერებული ინფორმაციით ადგილი აქვს თუ არა არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას და 2. მოხდა თუ არა არასრულწლოვნის გადაადგილების მარშრუტის დაკვირვება მისი კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე და, კონკრეტულად, სად მოხდა ვიდეო გადაღება.
 
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა მედია საშუალებებში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროვების შემთხვევები. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა საჭიროებს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას.
დღის ამბები