საქართველოს პრემიერ-მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები.
აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.
ხაზი გაესვა რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.
სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ვლადიმერ ორლიჩი აცხადებს, რომ სერბეთი საქართველოს მხარს უჭერს.
"სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე.
დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა.
თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი,"- აცხადებს ვლადიმირ ორლიჩი.