15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
მწვავე კამათი და პოლიტიკური ბრალდებები სესიაზე - დარბაზში უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კამათი და პოლიტიკური ბრალდებები სესიაზე - განცხადებებით გაიხსნა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. ძირითადი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროცესები, აქციები და უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყო. დარბაზში ისმოდა ოპოზიციის კრიტიკული შეფასებებიც. მათი განსაკუთრებული უკმაყოფილება უმრავლესობის წევრების მხრიდან ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესს მართული უწოდა და თქვა, რომ გულწრფელ პროტესტში პოლიტიკური ნაწილის შეტანა მიუღებელია. იყო სიტყვიერი კამათი, ისმოდა მწვავე პოლიტიკური ბრალდებები.

ხმაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარბაზში სიტყვით გამოსვლის მიღმაც გაგრძელდა. დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები და მთავარი უკმაყოფილების მიზეზი, სწორედ "ქართული ოცნების" ოპონენტებისგან იყო ბოლოდროინდელი მოვლენების გახსენება.

ხმაურთან ერთად იყო ბოიკოტიც, სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმირებული იყო, რომ დღევანდელ სხდომას არ უნდა დასწრებოდა "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა დარბაზში ხმაურის ერთ-ერთი მონაწილეც იყო, მათ შორის ხატია დეკანოიძე, რომელმაც თქვა, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და შესაბამისად ის დაესწრო დღევანდელ სხდომას.

მიმდინარე სასესიო კვირას განსახილველ საკითხებს ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ", ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ორმა დეპუტატმა.

რიგი პოლიტიკური ჯგუფები აანონსებენ აქციებს, რომ მოთხოვონ პარლამენტს 12 რეკომენდაციის შესრულება და თავად ბოიკოტს უცხადებენ ამ საკითხებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაუშვებელია თავდასხმა სტუდენტებზე, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან.

"გვიწევს საკუთარი ოჯახის წევრების დაცვა საპარლამენტო ტრიბუნიდან და ეს ვიცი პასუხისმგებლობაა. ძალიან მძიმეა, როცა მოღალატეს გეძახიან, მაგრამ ეკა შენ ხარ ამ კანონზე ხელის მომწერი. ეკა მემგონი ცუდად ხარ იცი? ნუ ნერვიულობ ქალბატონო ეკა, ძალიან მძიმე დღეები გამოიარე ვიცი, მაგრამ არ გჭირდებათ ნერვიულობა," – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

უმრავლესობაში თვლიან, რომ ოპოზიციის მხრიდან განზრახ ხდება პროცესებში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის მცდელობა.

"დღეს არის მოწოდებები, რომ თურმე არ გვინდა ამაზე საუბარი, ხომ გავიწვიეთ?! რატომ გეშინიათ კიდევ ამ კანონპროექტზე საუბრის? რატომ აღარ გინდათ ამაზე საუბარი? გამჭვირვალობა აღარ გვინდა, რისკები არ აქვს საქართველოს თუ ეროვნული ინტერესები აღარ უნდა დავიცვათ? აგრძელებენ ისევ იმ ცრუ ნარატივს, რომ თურმე რუსულია იმიტომ, რომ იციან, რომ ქართული საზოგადოებისთვის რუსული არის ერთადერთი და ყველაზე მძაფრი წითელი ხაზი და მხოლოდ ამას იყენებენ, სხვა არგუმენტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგ არა აქვთ," - განაცხადა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები