"მართლაც გაურკვეველი იყო მთელი ის პროცესი, რომელიც ამ კანონპროექტს თან ახლდა. ფაქტობრივად ამ კანონპროექტმა თავისი საქმე მართლაც გააკეთა. პირდაპირ გამოაშკარავდა მათი ზრახვები, ვინც ამ კანონპროექტის წარდგენის გამო წუხდნენ. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი.
მისივე თქმით, კანონპროექტის უკან გაწვევის შემდეგაც, საზოგადოებრივი მოძრაობა არ აპირებს, გადაუხვიოს იმ მიზნებიდან, რის გამოც „ხალხის ძალა“ შეიქმნა.
"რადგანაც „ხალხის ძალა“, სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ სიმართლე მიაწოდოს საზოგადოების ყველა სეგმენტს, ჩვენი ვალია, რომ როცა ეს ვნებათაღელვა გადაივლის, ამ კანონპროექტზე საუბარი არ შევწყვიტოთ და ვეცადოთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ შინაარსი, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი. შემდეგ კი ახალგაზრდებმაც და ზრდასრულებმაც, როგორც ამ ქვეყანაზე პასუხისმგებელმა პირებმა, თავად გადაწყვიტონ, თუ რას ემსახურებოდა რეალურად ეს კანონპროექტი.
დღეს ისიც მოვისმინე, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ კანონის მიღება ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან, თურმე, არ შეიძლება იმიტომ, რომ სასამართლო არ გვივარგა. რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა რუსული აღარ ახსენა და გამოთქვა აზრი, რომ ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, რადგან ხელისუფლება არ გვივარგა, არ არის მზად, უზრუნველყოს ამ კანონის დაცვა ქვეყანაში, ამიტომაც უნდა დავანებოთ თავი ამ კანონპროექტს. თუ ასე მივუდგებით ამ საკითხს, ესე იგი ნებისმიერი კანონპროექტი რომელიც შეესაბამება ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებს, საქართველოში არ უნდა მივიღოთ.
ჩემთვის დღემდე გაურკვეველია ჩვენი საზოგადოებისა და ოპონენტების პოზიცია, რადგან ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვმოქმედებდით დემოკრატიის იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელზეც დგას მთელი ევროპული სამყარო. სწორედ ის ევროპული სამყარო, რომლის ნაწილად ყოფნაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს. ჩვენი მიზანი იყო ამ კანონპროექტზე მსჯელობა და აქედან გამოტანილი სამართლიანი, ჭეშმარიტი აზრის საზოგადოებისთვის მიწოდება.
ჩვენი კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობოდა და ასეთივე დემოკრატიული იყო „ხალხის ძალის“ მიდგომაც: თავდაპირველად წლის ბოლოს განვაცხადეთ, რომ ჩვენ ამ კანონპროექტზე დავიწყებდით კონსულტაციებს მმართველ ძალასთან; ამ კონსულტაციების შემდეგ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ვფიქრობდით, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი გახდებოდა მსჯელობის საგანი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც განსხვავებული აზრი ექნებოდათ, ჩაებმებოდნენ განხილვის პროცესში და დააფიქსირებდნენ, თუ რა არის მათთვის მიუღებელი. რა თქმა უნდა, როდესაც კანონპროექტი განიხილება, რაღაც მუხლი მისაღებია, რაღაცაზე მსჯელობაა საჭირო, რაღაც უნდა შევცვალოთ და ასე შემდეგ. ყველას შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.
ტერმინზე [„აგენტი“] თავიდანვე გაკეთდა აქცენტი. მეორე მოსმენით შეიძლებოდა ტერმინზე საუბარი და წინასწარ განვაცხადეთ კიდეც, რომ შესაძლებელია ამ ტერმინის ცვლილება ისევ ამ კონსულტაციების შედეგად. მოგვიანებით განვაცხადეთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ გავაგზავნიდით კანონპროქტს ვენეციის კომისიაში და დაველოდებოდით მის პასუხსა და შეფასებას, შემდეგ კი განვაგრძობდით ამ კანონპროექტზე მსჯელობას - სწორედ ეს არის დემოკრატიული, ჯანსაღი პროცესი.
პირველი, ვინც ამას შეეწინააღმდეგა და ვინც „რუსული“ დაარქვა, იყო ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. ეს ამბავი განსაცვიფრებელი იყო, მაშინაც ირონიით შევხედე ამ საკითხს. რა უნდა მექნა, დამერეკა, ნედ პრაისისთვის და შემეთანხმებინა ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, პარლამენტის წევრის მიერ კანონპროექტის ინიცირების ანბანი-მეთქი?!
გაკეთებულმა შეფასებებმა გამოაჩინა, რაც დაიგეგმა საქართველოს წინააღმდეგ და ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. გამომჟღავნდა ზრახვები, თუ ვის რა ინტერესი ჰქონდა და კანონპროექტი როგორ გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.