მოლოდინი, რომ დღევანდელი სხდომა გაარკვევდა საკითხს, ტოვებენ თუ არა "ოცნების" დეპუტატები პარლამენტს, არ გამართლდა. დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი საკანონმდებლო ორგანოში არც დღეს გამოჩენილან. ამან კი უფრო მეტი კითხვა გააჩინა, რასაც მალევე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა მხოლოდ გუნდის შიგნით.
ირაკლი კოვზანაძე ერთადერთია, რომლის პოზიციაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც მედიასთან ამ დრომდე არ ჩანს. რატომ დატოვა მანდატი და ვინ იქნება საფინანსო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე? - ამაზე განმარტებების გაკეთება დღესაც მის მოადგილეს მოუხდა. სწორედ პაატა კვიჟინაძე განიხილება კოვზანაძის შემცვლელად.
”ქართული ოცნების” წევრები სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ. ეს კი ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტია მათი ვერსიის გასამყარებლად. ხელისუფლების ოპონენტები დეპუტატების შესაძლო გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების პროექტს უკავშირებენ, რადგან კანონს უმრავლესობის ამ წევრების მხარდაჭერა არ ჰქონდა.
ოპოზიციის ვერსიას არ ადასტურებენ კანონპროექტის ინიციატორები, უმრავლესობის წევრები ვერც იმას აკონკრეტებენ, რა არის მათი კოლეგების შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზი. თუმცა "ხალხის ძალის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზეწოლა პირიქით, იმ დეპუტატების მიმართ იყო, რომლებმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
კოლეგებთან კომუნიკაციის დეტალებზე მმართველი პარტიის წევრები საჯაროდ არ საუბრობენ. ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გუნდი ორმხრივი კონსულტაციებით მიიღებს და მიზეზებს მოგვიანებით თავად დეპუტატები განმარტავენ.
ვინ დატოვებს და ვინ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში - ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაირკვევა. ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ირაკლი კოვზანაძეს გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულ გიორგი ამილახვარს თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან.