სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში 197 ქვეყანას მოიცავს და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს. საქართველოს ანგარიშში 57 გვერდი ეთმობა. შეერთებული შტატები ყურადღებას 2021 წლის ივლისისა და 2019 წლის ივნისის მოვლენებზე ამახვილებს, ანგარიშში წერია, რომ არასარწმუნო გამოძიებამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია. გარდა ამისა, დოკუმენტში მოხვდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებიც.
ფაქტები, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, სიმართლესთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ იმ დასკვნებს დაეყრდნო, რომელიც, მისი თქმით, არაობიექტური და მიკერძოებულია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტის მთავარი მიზანია, აღწეროს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ხარვეზები და შემდგომ, ქვეყანამ ეს გამოწვევები გამოასწოროს.
ოპოზიციაში ფიქრობენ იმასაც, რომ დოკუმენტში აღწერილი გამოწვევების პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს - არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებულ მიკერძოებულ ინფორმაციას უკავშირებს მმართველი გუნდი. თუმცა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ისიც განმარტა, რომ ობიექტურ კრიტიკას ხელისუფლება გაითვალისწინებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი ასევე ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებს. დოკუმენტში მოხვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად 2 ცალკე უწყების ჩამოყალიბების საკითხებიც.