15 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
"ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტარებს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგიური დოკუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს - რატომ უწოდებს EPP-ის ინიციატივას საქართველოს მთავრობა ორმაგ სტანდარტს

"ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტარებს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის," ამერიკული ანალოგიის შექმნისკენ მოუწოდებს. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა აუცილებელია. აქცენტს კი იმაზე აკეთებენ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები - მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს საფარად იყენებენ. ინიციატივის მთავარ მიზეზად ევროპელი დეპუტატების ნაწილი ევროპარლამენტის კორუფციულ სკანდალს - ე.წ. კატარგეითის საქმეს ასახელებს. რა სურთ და ვის უნდა შეეხოს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" - "კურიერმა" პასუხები "ევროპის სახალხო პარტიისგან" მიიღო.

"ევროპის სახალხო პარტიამ" მოითხოვა მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჩვენ არ გვსურს იარლიყის მიწებება და ისეთი შოკის გამოწვევა საზოგადოებაში როგორიც რუსეთში მოხდა. პირიქით ჩვენ გვსურს ევროკავშირში დავიცვათ დემოკრატიული პროცესების ერთიანობა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ურთიერთობს პარლამენტთან, საბჭოსთან ან კომისიასთან, ასევე ევროპელ კანონმდებლებთან მათ იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ ევროკავშირის გარედან მიღებული დაფინანსების. მათ არ უნდა იურთიერთონ პარლამენტთან, უნდა არსებობდეს ვალდებულება, უბრალოდ უკვე არსებულ გამჭვირვალობის ფორმას უნდა დაემატოს კიდევ ერთი დებულება. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ამის შედარება იმ კანონთან რომლის მიღებასაც საქართველოს მთავრობა აპირებდა. ევროკავშირში არ არსებობს არანაირი კანონი უცხოური აგენტების შესახებ. და ჩვენ არასდროს წარმოგვიდგენია კანონმდებლობა რომელსაც რაიმე საერთო აქვს რუსულ მოდელთან," - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის წევრისა და ევროპარლამენტარ სვენ ზიმონის სპიკერი, იოჰანეს ბენედიქტ ვოლკმანი.

იმ შემთხვევაში თუ "ევროპის სახალხო პარტიის" ინიციატივას ევროპარლამენტარები კანონად აქცევენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს ორმაგი სტანდარტით მოქმედება იქნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე საკითხზე მსჯელობას დააკვირდება და შეფასებას სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აინტერესებთ რატომ აკრიტიკებდნენ მათ შორის ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს , როდესაც ის გაცილებით რბილი იყო ვიდრე ამერიკული მოდელია.

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრების ინიციატივას დროულს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ ევროპარლამენტი ინიციატივას კანონად აქცევს მას მტრული სახელმწიფოების მიმართ გამოიყენებენ, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული პროექტი კი ამას ვერ უზრუნველყოფდა.

ყველა სახელმწიფო, რომ საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნავს არ უკვირთ მმართველი პარტიის ლიდერებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების ინიციატივაც სწორედ ამას ემსახურება. მმართველმა ძალამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული პროექტებს "რუსულ მოდელთან" კავშირი არ ჰქონდა.

დაიწყებს თუ არა ევროპარლამენტი "იპიპის" წევრების ინიციატივაზე საკანონმდებლო მუშაობას ჯერ უცნობია, თუმცა "იუ ობსერვერში" "ევროპის სახალხო პარტიის" წევრების ერთობლივი წერილის გამოქვეყნებამდე-გასულ კვირას გამოცემა "პოლიტიკოც" წერდა წყაროზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირი იმ კანონზე იწყებს მუშაობას, რომელიც არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსების გასაჯაროებას აიძულებს.

დღის ამბები