ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილისთვის გადაიდო. პროცესს არ ესწრებოდა არც თავად სპორტსმენი და არც მისი ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის პირველი ჩოგანი გაამართლა, შემდგომ ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა.
სხდომაზე ბრალდებას ჰქონდა შუამდგომლობა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნის გამოკვლევაზე, რის გამოც, ადვოკატმა ვადა ითხოვა. სხდომა ამის გამო გადაიდო.
"ბრალდების მხარემ, ახლად გამოვლენილი გარემოების სახით წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის ტენდენციურობასთან დაკავშირებით.მოგეხსენებათ, რომ დაცვის მხარემ განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდების მხარე, ეჭვქვეშ აყენებდა ამ ექსპერტის ობიექტურობას და სწორედ აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია", - განაცხადა პროკურორმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩება.
"პირველი ინსტანციის სასამართლოში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თქვენ ყველა ხართ იმის მომსწრე და საზოგადოებაც, რომ ქალბატონი ნელის დაკითხვა მიმდინარეობდა დაახლოებით 4 პროცესის განმავლობაში და მან სრულად და ამომწურავად ისაუბრა იმაზე, რაც უნდა ესაუბრა, მაგრამ მან არ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც სწორედ მისი ჩვენების სიყალბეს ადასტურებდა, რაც შეეხებოდა თანხის ნაწილს, თითქოს ის თანხის გარეშე იყო დატოვებული აშშ-ში და ა.შ. ერთი და მთავარი გახლავთ ის, რომ პირველივე წუთიდან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო უდანაშაულო და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა უცვლელი დარჩება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა.