პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. მისივე თქმით, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარ გამოწვევას სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკურად მიკერძოებულობა წარმოადგენდა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა და ასევე, განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება, რის მიხედვითაც, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მედიამ არასწორი ფაქტი გაავრცელა, მაუწყებლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემა. ცვლილებები 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, რადგან მაუწყებლებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი, მოეყვანათ თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში.
კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება, რასთან დაკავშირებითაც საჭიროა ფართო დისკუსია და პრობლემის აღმოფხვრა.