ტოვებს თუ არა ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" - მისი თქმით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "ეს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა ნიუანსით და ყველა მიზეზით."
"მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას. აზრთა სხვადასხვაობა მაქვს ჩემს კოლეგებთან და მქონდა. გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია არის სწორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული არა იმიტომ, რომ მე განსაკუთრებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პასუხისმგებლობის აღება. 12 პუნქტზე მუშაობა იმას კი არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" იმას გააკეთებს, რაც ჩვენ გვინდა ან მოქალაქეებს სურთ, 12 პუნქტზე მუშაობა ნიშნავს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ჩემს გადაწყვეტილებას, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამცნობთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა ნიუანსი და ყველა მიზეზიც. ამაზე ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ შევხედოთ, როგორ გაგრძელდება," – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მან გუნდის საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც ბოიკოტი დაარღვია.
"სამწუხაროდ, მე მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება გუნდის საწინააღმდეგოდ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ისევე, როგორც წინაზე. ჩემს გადაწყვეტილებას, რომელსაც გაგანდობთ, არავითარი წინაპირობები და ფაქტორები არ ექნება არც პარტიის, არც ფრაქციის მიმართ, რადგან მე არა მხოლოდ სხვაობა მაქვს ბოიკოტზე, განსხვავებები მაქვს სხვადასხვა მიმართულებებით. ბუნებრივია, გუნდში არსებობს განსხვავებები, მაგრამ შეიძლება ვთანხმდებოდეთ, შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ," - განაცხადა დეკანოიძემ.