15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს და ჩვენს ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას არ მიესალმება.

მისი თქმით, ქვეყანას და საზოგადოებას ყველაზე მეტად სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება , მით უმეტეს, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევებია.

"არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს დებატების ადგილი. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია დებატების დროს, მინისტრის საათის დროს და იმ სესიებზე, სადაც საჭიროა კამათი და პოლიტიკური კოორდინაცია, არ არიან დარბაზში და მათ ნაცვლად ცარიელი სკამები მონაწილეობენ პროცესში. შესაბამისად, საჭიროა, ეს ენერგია დაიხარჯოს პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ დებატში პარლამენტს შიგნით, რა თქმა უნდა, არ მივესალმებით არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას, ახლა ქვეყანას და საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რეგიონში არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევები. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს და ჩვენს ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ისეთი პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები", -განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და "ხალხის ძალის" წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

სხდომაზე ერთმანეთთან, დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

დღის ამბები