15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური და შეძლებენ თუ არა პოლონელი ექიმები ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის მონახულებას - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ექიმები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთვის ემზადებიან, თუმცა მათი საქართველოში ჩამოსვლის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, ვარშავაც და თბილისიც კონკრეტულ თარიღსა და რეისს ელოდებიან.

სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სამკურნალო დაწესებულებამ დღის ბოლოს გაავრცელა, წერია, რომ ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი კლინიკა არ გამორიცხავს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს მიმართოს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

პოლონელი ექიმების მოლოდინში მყოფი, ყოფილი პრეზიდენტი, "ვივამედის" კლინიკაში დღის ბოლოს დედამ მოინახულა. გიული ალასანია ისევ ამტკიცებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია, საკმარისი კალორაჟის საკვებს ვერ იღებს, თუმცა ექიმების რეკომენდაციებს მაინც ემორჩილება.

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმაც გააკეთა. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტი ექიმებს სრულ უნდობლობას უცხადებს, არ ემორჩილება და საკვების მიღებაზეც უარს ამბობს რომ პოლონელი სპეციალისტების ჯგუფს დასუსტებული დახვდეს.

ექსპრეზიდენტის პარტიაში სააკაშვილის მიზანმიმართულ გეგმას უარყოფენ. "ნაციონალურ მოძრაობის" წევრების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, და უცხოელი სპეციალისტები უმოკლეს დროში უნდა ჩამოვიდნენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარების წარუმატებლობის შემდეგ, სააკაშვილი მისი ჯანმრთელობს მდგომარეობით ისევ მანიპულირებს. ცდილობს, პოლონელ სპეციალისტებს მძიმე მდგომარეობაში დახვდეს, ჯერჯერობით, უცნობია უცხოელი ექიმების თბილისში ჩამოსვლის თარიღი.

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები