ფინანსთა მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე ლაშა ხუციშვილი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგა და გასული წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.
"2022 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაც წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელი ჩანდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა. 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა გრძელდება 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა). 2023 წლის ბიუჯეტი დაფუძნებულია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მოსალოდნელია რომ არსებული დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს და შესაძლებელი გახდეს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.