პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა, ადასტურებს თუ არა ლაშა ხუციშვილი იმას, რომ მან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, განაცხადი შეიტანა:
"თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც პარლამენტში კატაკლიზმები გამოიწვია, რომლის გამოც “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება მოხდა, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის შესახებაც სავალუტო ფონდმა თქვა, რომ წლების ნაშენებ სისტემას ანგრევთ.
ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ეს ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თქვენი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. ადასტურებთ თუ არა, რომ შეიტანეთ განაცხადი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში," - მიმართა კითხვით ლაშა ხუციშვილს რომან გოცირიძეს.
ფინანსთა მინისტრმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს მასთან კავშირი არა აქვს.
"ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რომ რამენაირად იყოს ჩემთან დაკავშირებული. ამ ნაწილში არასწორი ინფორმაცია გაქვთ,"- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე ლაშა ხუციშვილი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარსდგა და გასული წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.